ნეფტჩის მწვრთნელობის 4 კანდიდატიდან 3 ქართველია

630

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის ბაქოს ნეფთჩის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატებად ერთბაშად რამდენიმე ქართველი სპეციალისტი განიხილება. აზერბაიჯანულ სპორტულ მედიაში დასახელებული პრეტენდენტებიდან სამი ჩვენი თანამემამულეა: თემურ ქეცბაია, ზაურ სვანაძე და კახა ცხადაძე.

ბაქოს ნეფთჩი მთავარი მწვრთნელის გარეშე ახლახან დარჩა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტი დაუსრულდა და თანამდებობა დატოვა ტარლან ახმედოვმა. ნეფთჩიმ აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

Azerisport.com სამირ აბასოვს ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევს, ქართველ სპეციალისტებზე კი წერს:

თემურ ქეცბაია
ქართველი სპეციალისტის სახელმა ცოტა ხნის წინ გაიჟღერა. კვიპროსული აპოელ-ისა და ბერძნული ოლიმპიაკოსის ყოფილ თავკაცს საქართველოს ნაკრებშ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. თბილისის დინამოსა და ინგლისური ნიუკასლის ყოფილი ნახევარმცველის ბოლო გაწვრთნილი კლუბი რუსული ორენბურგი იყო. მწვრთნელის რანგში ის კვიპროსის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. ოდესღაც ქეცბაია ნიუკასლის გაწვრთნის დიდ სურვილს გამოთქვამდა, რომლის ღირსებას ფეხბურთელობისას იცავდა, მაგრამ კლუბის ბოსებმა არჩევანი სხვა კანდიდატზე შეაჩერეს.  დღეს მას აქვს შანსი, გახდეს “შავ-თეთრების” მესაჭე.

ზაურ სვანაძე
კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი, კეშლიას (მაშინ გუნდს ინტერი ერქვა) ყოფილი თავკაცი და კახა ცხადაძის ყოფილი ასისტენტი ამ გუნდში, რომელმაც თავი თავისი კეთილსინდისიერებითა და შედეგიანი მუშაობით დაგვამახსოვრა. თბილისის დინამოს შემადგენლობაში 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა იცის მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვა, ბრწყინვალედ ერკვევა ტაქტიკასა და თამაშის აგებაში.

კახა ცხადაძე
ბაქოს ინტერისა და სტანდარდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, 2009/10 წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონს, რომელიც ცოტა ხნის წინ ყაზახურ ქაირათსა და საქართველოს ნაკრებში მუშაობდა, არაერთხელ გამოუთქვამს ბაქოში დაბრუნების სურვილი. ამ მიზნის შესასრულებად, ცხადაძისთვის ნეფთჩი ერთ-ერთი შანსია. ამ ზამთარს ხმა დაირხა, რომ ცხადაძე ამ თანამდებობაზე ყველაზე აშკარა კანდიდატია, მაგრამ საქმე იქით აღარ წასულა. მწვრთნელი აგრძელებს აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის თვალყურის მიდევნებას  და ადაპტაციისთვის ზედმეტ დროს არ მოითხოვს.

Media.Az იუწყება, რომ ნეფთჩის აუცილებლად უცხოელი მწვრთნელი ჩაიბარებს. კლუბის ხელმძღვანლობა კი კანდიდატებთან აქტიურ მოლაპარაკებას მართავს და ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

წყარო: popsport.com