ფურია როხა მუნდიალზე (ნაწილი 2)

523

ნახევარდაცვის ხაზი

ესპანეთის ნაკრები ლოპეტეგისთან ერთად სტაბილურად 4-3-3 სისტემით თამაშობს, რომელიც თამაშის ცალკეულ მონაკვეთებში, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში, ისე გამოიყურება, როგორც 4-5-1. ნახევარდაცვა, ტრადიციულად, ესპანეთის ნაკრების უძლიერესი რგოლია.

მოედნის ცენტრში ლოპეტეგის სამი მოთამაშე ჰყავს. ამას ემატება ორი შემტევი ფლანგებზე, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე ასრულებენ ხან განაპირა თავდამსხმელის, ხან კი ნახევარმცველის ფუნქციას და ერთი მკვეთრად გამოკვეთილი თავდამსხმელი.

მოედნის ცენტრში მოთამაშე სამეულიდან საყრდენის პოზიციაზე გარანტირებულად სერხიო ბუსკეტსი ითამაშებს. ბუსკეტსი ის ფეხბურთელია, რომელიც, როგორც ბარსელონაში, ისე ესპანეთის ნაკრებში სათამაშო ბალანსს განაპირობებს. იგი კარგად იწყებს შეტევას, ათამაშებს ბურთს და ყოველთვის ეხმარება დაცვას. ბუსკეტსის არსებობა მნიშვნელოვანია დაცვით ფაზაში – ესპანეთს დიდი ძალებით შეტევა უყვარს და სწორედ ბუსკეტსი აზღვევს წინწასულ ნახევარმცველებსა და განაპირა მცველებს.

სერხიო ბუსკეტსთან ერთად, მოედნის ცენტრში ტიაგო ალკანტარა და ანდრეს ინიესტა თამაშობენ. ეს ორი მოთამაშე ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილს განაპირობებენ. ისინი შესანიშნავად ფლობენ და ათამაშებენ ბურთს, აკონტროლებენ თამაშის ტემპსა და რიტმს, იწყებენ შეტევებს. ესპანეთის ნაკრების კომბინაციური და ბურთის ჭერაზე ორიენტირებული თამაში სწორედ ამ ორ მათგანზეა დამოკიდებული.

ამ სამეულის გარდა, ნაკრების განაცხადშია კოკეც მადრიდის ატლეტიკოდან. კოკე ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც პასში თამაშიც ეხერხება და დაცვითი ფუნქციების შესრულებაც. თუკი ლოპეტეგის უფრო დაცვით ვარიანტზე გადასვლა უნდა, მაშინ მას შეუძლია, ცენტრიდან ერთ-ერთი შემქმნელი ფეხბურთელი მოხსნას და ბუსკეტსი-კოკეს წყვილი დააყენოს. სწორედ ასე მოიქცა შესარჩევში იტალიასთან გამართული გადამწყვეტი შეხვედრის დროს – ტიაგო ალკანტარა სკამზე დატოვა, თამაში კი კოკე-ბუსკეტსის დუეტით დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ინიესტა უკვე ასაკშია და აქტიურ კარიერას ასრულებს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშები ყოველ 4-5 დღეში ერთხელაა და ერთ თვეში ნაკრებ გუნდებს ფინალამდე მისასვლელად 6 თამაში უწევთ, ლოპეტეგი ინიესტას დაასვენებს ხოლმე და სათამაშო დროს კოკესაც მისცემს.

WC 2018 | ინიესტას ბოლო მუნდიალი! მსოფლიო თასის დაბრუნება რეალური მიზანია

ლოპეტეგი დიდ პრობლემას შეიძლება გადააწყდეს სერხიო ბუსკეტსის შესაძლო ტრავმის ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში. განაცხადში მას ბუსკეტსის შემცველი არ ჰყავს. იგი ერთადერთი მკვეთრად გამოკვეთილი საყრდენია.

ყველასთვის მოულოდნელად, მან განაცხადს მიღმა დატოვა ხავი მარტინესი მიუნხენის ბაიერნიდან, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ბუსკეტსის შეცვლა შეეძლო. ესპანეთის ნახევარმცველთაგან ერთადერთი, ვისაც ბუსკეტსის გარდა დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია, ზემოთხსენებული კოკეა, რომელიც საყრდენი სრულებითაც არ არის. ატლეტიკოშიც, ჩვეულებრივ, მასთან ერთად ცენტრში სუფთა საყრდენი გაბი თამაშობს.

მოედნის ცენტრში ლოპეტეგის ძირითადი სამეულისა და კოკეს გარდა, არჩევანი, ფაქტობრივად არ აქვს. ამან კი, შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. აუცილებლობის შემთხვევაში, ესპანელთა თავკაცი შეიძლება იძულებული გახდეს, ან ისკო დაწიოს ცოტა უკან, ან საულ ნიგესი ათამაშოს ჩვეულებრივზე უფრო დაცვით პოზიციაში, თუმცა მათ, შეიძლება, ინიესტას ან ალკანტარას მაგივრობა გასწიონ, ბუსკეტსს ვერცერთი მათგანი ვერ შეცვლის.

ლოპეტეგის გუნდში ოთხი მოთამაშე ჰყავს, რომელთაც ფლანგებზე შემტევი ნახევარმცველების როლში თამაში შეუძლიათ. ამ მხრივ ესპანელთა მწვრთნელს ორი სრულიად განსხვავებული ტაქტიკური ვარიანტი აქვს. ძირითადი ოპცია ალბათ მარცხნიდან ისკოს, ხოლო მარჯვნიდან დავიდ სილვას წყვილით თამაში იქნება. ორივე ამ მოთამაშეს ძალიან უყვართ პასში თამაში, კარგად იჭერენ და ფლობენ ბურთს, ძალიან ტექნიკურები არიან და კარგად მიდიან ერთი-ერთზე დრიბლინგში. ორივე მათგანისთვის სახასიათო ბურთიანად ცენტრში შემოსვლა და ფლანგის განაპირა მცველისთვის გათავისუფლებაა. დავიდ სილვა ცაციაა, ისკო კი მემარჯვენე – შესაბამისად, თავისი ფლანგებიდან დრიბლინგით ცენტრში შემოსვლა, მათთვის მოსახერხებელია. ამ შემთხვევაში ლოპეტეგის ცენტრში ერთდროულად 5 ტექნიკური და შემქმნელი მოთამაშე ეყოლება. ამ ტაქტიკით ესპანეთი ძალიან კარგად იჭერს ბურთს და ხანგრძლივად ავითარებს შეტევას.

ლოპეტეგისთვის მეორე, სათადარიგო ვარიანტი ფლანგებზე რეალის გარემარბების, ლუკას ვასკესის და მარკოს ასენსიოს დაყენება იქნება. ორივე ეს მოთამაშე ძალიან სწრაფია, კარგად გადადის დაცვიდან კონტრეშეტევაზე, უფრო მეტად დრიბლინგით, გარღვევაზე თამაში უყვართ, ვიდრე ბურთის ჭერა და პასში თამაში. ამ შემთხვევაში ლოპეტეგის უფრო სისწრაფეზე ორიენტირებული გუნდი ეყოლება.

WC 2018 | ინიესტას ბოლო მუნდიალი! მსოფლიო თასის დაბრუნება რეალური მიზანია

არც მარკოს ასენსიოს და განსაკუთრებით, არც ლუკას ვასკესს, არ უყვართ ცენტრში შემოსვლა. მათ ფლანგებზე დარჩენა ურჩევნიათ. ამ ტაქტიკით, პოზიციური შეტევის დროს, ესპანეთს შეუძლია, ფლანგებზე გააკეთოს აქცენტი, სადაც თითოეულ ფლანგზე მათ 2-2 მოთამაშე ეყოლებათ, მაქსიმალურად გაწელოს შეტევის სიგანე და შესაბამისად, მოწინააღმდეგის დაცვა. ამ შემადგენლობის გუნდი ძალიან სახიფათო იქნება კონტრშეტევების დროს.

თავდასხმის ხაზი

ესპანეთის ნაკრები ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობს. ხანდახან ლოპეტეგი ნომინალურ თავდამსხმელს საერთოდ არ ათამაშებს და ამ ადგილზე ნახევარმცველი გამოჰყავს, რომელიც ე.წ. “ყალბი ცხრიანის (False 9)” ფუნქციას ასრულებს. ასე იყო მაგალითად, იტალიასთან შესარჩევ შეხვედრაში, სადაც თავდამსხმელის ფუნქციას ისკო ასრულებდა.

თუმცა მუნდიალზე განაცხადში ლოპეტეგის ერთბაშად სამი ცენტრფორვარდი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშს აპირებს. ძირითადი ფორვარდი ატლეტიკოს დიეგო კოშტა იქნება, რომელიც ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ფორმაში შევიდა. დიეგო კოშტა მძიმე და აგრესიული თავდამსხმელია, რომელიც ძალიან კარგია ორთაბრძოლებში და თავით თამაშის დროს. იგი მუდამ მოწინააღმდეგის კარზეა ორიენტირებული და არა კომბინაციურ თამაშზე. ეს ესპანეთის ნაკრებისთვის სიახლე იქნება. უკვე ბევრი წელია, ისინი უფრო მსუბუქი ფორვარდით თამაშს არჩევენ, რომელიც ბევრს მოძრაობს, ნახევარმცველებს ზონებს უთავისუფლებს და პასში თამაში ეხერხება. წლების მანძილზე, ძირითადი თავდამსხმელი დავიდ ვილია იყო – ევროპის წინა ჩემპიონატზე კი ამ როლში ალვარო მორატა თამაშობდა.

WC 2018 | ინიესტას ბოლო მუნდიალი! მსოფლიო თასის დაბრუნება რეალური მიზანია

დიეგო კოშტას შემცვლელად ვალენსიას როდრიგო და სელტას იაგო ასპასი ითამაშებენ. ბევრისთვის მოულოდნელად, ლოპეტეგიმ ალვარო მორატა არ წაიყვანა, რომელიც ბოლო წლებში ნაკრებში მუდამ თამაშობდა. მორატას ჩელსიში რთული სეზონი ჰქონდა, ინგლისურ ფეხბურთს ვერ მოერგო, ბოლო პერიოდში ჩელსიშიც ხშირად იჯდა სკამზე და 2018 წელს 24 თამაშში მხოლოდ 3 გოლი შეაგდო.

WC 2018 | ინიესტას ბოლო მუნდიალი! მსოფლიო თასის დაბრუნება რეალური მიზანია

მთავარი მწვრთნელი

ხულიენ ლოპეტეგი არცთუ ისე სახელიანი მწვრთნელია. მას ერთადერთ სერიოზულ გუნდში, პორტუში უმუშავია, სადაც მისი კარიერა წარუმატებლად დასრულდა. იქამდე მან ხუთი წელი რაიო ვალეკანოში გაატარა.

WC 2018 | ინიესტას ბოლო მუნდიალი! მსოფლიო თასის დაბრუნება რეალური მიზანია

მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ  იცნობს სანაკრებო მუშაობის სპეციფიკას – 4 წელი იგი ახალგაზრდულ ნაკრებებს წვრთნიდა. 19 და 21 წლამდე ნაკრებებთან ერთად მან ორჯერ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. მან ესპანეთის სანაკრებო გუნების სათამაშო კონცეფცია კარგად იცის. მიუხედავად სამწვრთნელო ასპარეზზე არცთუ ისე დიდი წარმატებებისა, მან “ფურია როხაში” მუშაობა კარგად დაიწყო – ესპანეთმა არცთუ ისე მარტივ შესარჩევ ჯგუფში 10 თამაშიდან 9 მოიგო, 36 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.

წყარო: popsport.com