ქართული რაგბი ღირსების მუდმივი მატარებელია

620

უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მე-2 მატჩი ჩაატარეს. დღეს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქე მასპინძელი საფრანგეთი გახლდათ. შეხვედრა ბეზიეში ჩატარდა და ფავორიტად შერაცხულმა “სამფეროვნებმა” 24:12 მოიგეს, თუმცა, კი ჩვენმა ბიჭებმა ამჯერადაც საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მართალია, შეცდომებიც მრავლად იყო, მრისხანე მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საწყის ტურში ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრნენ და დიდი ბრძოლაც გაუმართეს. ჩვენმა გუნდმა მრისხანე მოწინააღმდეგეს პირველი ტაიმი 17:12 მოუგო, საბოლოოდ კი, 27:33 დამარცხდა და 8 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის სანუგეშო ქულა აიღო.

თავის მხრივ, დიდი ჯახი გადაიტანეს ფრანგებმაც, რომლებიც ევროპულ ჯახში ირლანდიას სოლიდურად ჩამორჩნენ, თუმცა, მე-2 ტაიმის საწყის 10 წუთში მეტოქე სამჯერ დაალელოვეს და “სამყურები” 26:24 დაამარცხეს. საწყისი ტურის ბატალიებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მე-2 რაუნდს გუნდები გადახალისებული რაზმებით შეხვდნენ.
მასპინძელთა დამრიგებელმა სებასტიენ პიკერონიმ სოლიდური როტაცია განახორციელა და შემადგენლობაში ერთბაშად 12 მორაგბე შეცვალა. შესამჩნევი გადაადგილებები მოხდა უმცროსი “ბორჯღალოსნების” რიგებშიც.

ფლანგიდან შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა დემე თაფლაძემ, რომელსაც გორის “ჯიქის” ტრავმამოშუშებული მოთამაშე გიორგი წიკლაური შეუწყვილდა. შესაბამისად, თაფლაძის ნაცვლად, გარემარბის როლში გორელთა კიდევ ერთი წარმომადგენელი თემურ ჭიჭინაძე ვიხილეთ.
უფრო მეტად შეიცვალა შერკინება, სადაც სრულად განახლდა პირველი ხაზი. ძირითად რაზმში გამოჩნდნენ გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და ფრანგული “მონპელიეს” ბურჯი ლუკა აზარიაშვილი. მეორე ხაზში ლაშა ჯაიანს “ჯიქის” კიდევ ერთი მორაგბე ლუკა გელაშვილი შეუწყვილდა, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე კი ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა და დასვენების საშუალება მიეცა.
ვიცე-კაპიტანმა, ასევე “გორელმა” თორნიკე ჯალაღონიამ ფლანკერობიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა, მის პოზიციაზე კი თამაში “ლელო-სარასენსის” მორაგბე სანდრო მამამთავრიშვილმა დაიწყო. სიახლე იყო მარქაფაში კვაჭი გიორგი მენაბდის გამოჩენაც. თადარიგში იყვნენ გამწესებულნი არსენ მაჩალაძე და ლაშა ლომიძე, რომელთაც ფრანგებთან ძორითად შემადგენლობაში ითამაშეს.

როგორც მოსალოდნელი გახდა, მატჩი ფრანგების უპირატესობით დაიწყო. ჩვენს მორაგბეებს მეტოქის მოედანზე ფეხის მოკიდება უჭირდათ, მუდმივად დაცვაში თამაში კი სტუმრებს არაქათს აცლიდა. ყველაფერი შერკინებაში ქართველთა დაჯარიმებით დასრულდა და მე-10 წუთზე კარბონელმა იოლი დარტყმა შეაგდო – 3:0.
საბედნიეროდ, ამან უმცროს “ბორჯღალოსნებს” ხასიათი არ გაუფუჭა და ფაქტობრივად, მომდევნო იერიშშივე, ანგარიშში წინ გასვლა შევძელით. ჩვენებმა დაკიდებულ ბურთზე იყოჩაღეს, გელა აფრასიძემ ხაზი გაჭრა, მრავალფაზიანი იერიში განვახორციელეთ, შერკინების მოთამაშეების მიძალების მერე, ბურთი ხელთ თორნიკე ჯალაღონიამ იგდო და ლელოში გადადო. აბჟანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო და სტუმრები 7:3 დაწინაურდნენ.
ცხადია, მასპინძლებმა გააფთრებით შემოგვიტიეს და 25-ე წუთზე საწადელსაც მიაღწიეს. რეფერიმ თენგიზ ზამთარაძე არასწორი ბოჭვისთვის დააჯარიმა, ფრანგებმა ბურთი კიდეზე გადაიტანეს და რამდენიმე მიძალების მერე, ლავოლტმა დაგვალელოვა. კარტონელის გარდასახვის კვალად, “სამფეროვნები” 10:7 დაწინაურდნენ.
ტაიმის მიწურულისკენ მასპინძლების დომინირება კიდევ უფრო აშკარა გახდა. ხელების გარეშე ბოჭვისთვის, მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გაასინბინა, რაც ძვირად დაგვიჯდა. ერთ ეპიზოდში მასპინძლებს ბურთი წინ ბოლო წამს დაუვარდათ, უკანასკნელ წუთზე კი არაერთი ბოჭვა გავაფუჭეთ და ვინსენმა ლელოში შეაღწია. კარბონელს გარდასახვა გატანა არ გასჭირვებია – 17:7.

მე-2 ტაიმში სტარტზე თამაშის ხასიათი არ შეცვილა. მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ და საკითხავი ის იყო, ჩვენი ბიჭები რამდენ ხანს გაძლებდნენ. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრებს ანგარიშში ჩამორჩენის საშუალება ერთადერთხელ მიეცა, როდესაც აფრასიძემ ჯარიმის დარტყმა თავისი ნახევრიდან გადაწყვიტა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ძელებს ვერ უწია.
ფრანგებმა კი თავისი შანსი 56-ე წუთზე გამოიყენეს, როდესაც ხუთმეტრიან ზოლში რამდენჯერმე დავჯარიმდით, საბოლოოდ კი, ფლანგზე შეცვლაზე შესულმა ფრანკოზმა იყოჩაღა და კარტონელის მორიგი გარდასახვის შემდეგ მასპინძლები 24:7 დაწინაურდნენ.
იყო მოლოდინი, რომ დასკვნითი ოცწუთეულში ფიზიკურად ჩინებულად მომზადებული ფრანგების ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, თუმცა, ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თამაშის შედარებით გათანაბრება მოახერხეს და ისე გამოვიდა, რომ 68-ე წუთზე შეხვედრის ბოლო შედეგიანი იერიში ჩვენების იყო.
ამ დროს, მართალია, ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ, თუმცა, ფრანგებმა გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს, თავისი 22-დან ხელდახელ შემოგვიტიეს და ბურთი წინ დაუვარდათ. შედეგად, ის შეცვლაზე შესულ ლუკა დვალიშვილს მიუვიდა, რომელიც მარცხენა ფლანგისკენ წაიწია, დიდოსტატური პაუზა გააკეთა და ლელოში ოთარ ძაგნიძე დაგეზა – 24:12.
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მე-2 ბობოლასაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ელიტას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებს.

უმცროს “ბორჯღალოსნებს” ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი 7 ივნისს ელით, როდესაც ნარბონში ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრებიან. სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, ქართველი მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლას რომელი ადგილებისთვის გააგრძელებენ.

წყარო: adjarasport.com