MARCA: “რეალი” პოჩეტინოს ერთი მთავარი მიზეზით ვერ გადმოიბირებს

533

ცნობილი ესპანური გამოცემის, მარკას მიხედვით, მადრიდის “რეალისთვის” პოჩეტინოს გადმოყვანა, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა.

ზინედინ ზიდანის მოულოდნელად წასვლის შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი “ტოტენჰემის” არგენტინელ თავკაცს – მაურისიო პოჩეტინოს განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მის გადმობირებას მადრიდული გრანდი ვერ მოახერხებს. მარკა ამის მიზეზად ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ასახელებს, რომლის სახელიც – დანიელ ლევია.

ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი “ტოტენჰემის” მთავარი ხელმძღვანელი დანიელ ლევია, რომელთანაც მოლაპარაკების სირთულე მადრიდის “რეალმა” უკვე არაერთხელ გამოსცადა. ლევი პოჩეტინოს გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და მისი დაყოლიება ფლორენტინოსთვის ძალიან მძიმე მისია იქნება.

დანიელ ლევისთან მადრიდის “რეალს” მოლაპარაკებების წარმოება რამდენჯერმე მოუწია, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავი ლუკა მოდრიჩის და გარეთ ბეილის ტრანსფერები იყო. ფლორენტინო პერესს ძალიან დიდხნიანი და დამქანცავი პროცესის გავლა მოუწია იმისათვის, რათა ლევის სიჯიუტე დაეძლია და ეს ორი ფეხბურთელი საკუთარ კლუბში გადმოეყვანა, რაც, საბოლოოდ, საკმაოდ ძვირ სიამოვნებად დაუჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოჩეტინომ სულ ახლახანს გააფორმა “ტოტენჰემთან” ახალი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს არგენტინელის დანიშვნას “სამეფო კლუბის” თავკაცის როლზე.