რეალს ,,მადრიდელი” სურს

600

ესპანეთის ნაკრებისა და რეალის ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო იერო შესაძლოა მადრიდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

როგორც AS იუწყება, “სამეფო კლუბში” გადაწყვიტეს, მწვრთნელის შერჩევისას ყურადღება თავიანთ ყოფილ მოთამაშეებს მიაპყრონ და ზინედინ ზიდანის გამოთავისუფლებულ ადგილზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი სწორედ 50 წლის იეროა.

ფერნანდო იეროს რეალში მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწედ 2014/15 წლების სეზონში უმუშავია, ამჟამად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს.

რეალში ასევე საუბრობენ კლუბის სხვა ყოფილი მოთამაშეების – მიჩელ გონსალესისა  და გუტის კანდიდატურებზეც.

41 წლის გუტი ამჟამად მადრიდული კლუბის ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის.

55 წლის მიჩელი, რომელსაც რეალ კასტილიაში 2006/07 წლებში უმუშავია, ბოლოს მალაგას ედგა სათავეში. გუნდმა ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და სეგუნდაში დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ 31 მაისს გამოაცხადა.

რეალის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე მანამდე განიხილებოდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა მაურისიო პოჩეტინოსთან, იოახიმ ლიოვთან, მასიმილიანო ალეგრისთან, იურგენ კლოპსა და იულიან ნაგელსმანთან.

 წყარო: popsport.com