22 კაცი 1 ბურთზე – ეს დიდი სანახაობაა

353

ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. დამაინც, ყველა ვერც ფეხბურთში ერკვევა. არადა, მუნდიალი კარს მოგვადგა – 14 ივნისს მოსკოვში გახსნის მატჩია და იმ დღიდან მოყოლებული ყველა მხოლოდ მსოფლიო ფეხბურთის ამ უმთავრეს მოვლენაზე ილაპარაკებს.

რა უნდა გააკეთონ “დამწყებმა” გულშემატკივრებმა, მთავარი მოვლენების მიღმა რომ არ დარჩნენ? შევეცდებით, მათ ამ სტატიით დავეხმაროთ.

ახლა უკვე ყველა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს, რა არის მუნდიალი?

ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მასში 32 ნაკრები მონაწილეობს. წლევანდელი პირველობა 14 ივნისს იწყება, როცა მასპინძელი რუსეთი “ლუჟნიკის” სტადიონზე საუდის არაბეთს უმასპინძლებს.

ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში, 12 სტადიონზე გაიმართება. სულ ჩატარდება 64 მატჩი. მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას 15 ივლისს იმავე არენაზე შევიტყობთ. მსოფლიოს ჩემპიონატი, ყოველ მიზეზს გარეშე, პლანეტის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ტურნირია.

OK, ვინ აწყობს ამ ტურნირს და როდიდან იმართება მსოფლიოს ჩემპიონატები?

მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორი ფიფაა (Féderation Internationale de Football Association). მუნდიალის ინოვატორი ფიფას მესამე პრეზიდენტი ჟიულ რიმე იყო. პირველი ჩემპიონატი, რომელშიც სულ 13 ნაკრები მონაწილეობდა, 1930 წელს ურუგვაიმ მოიგო. წლევანდელი მუნდიალი რიგით 21-ეა.

მუნდიალზე 32 გუნდია, მსოფლიოში კი 200-ზე მეტი ქვეყანაა, დანარჩენები რატომ არ თამაშობენ? მაგალითად, საქართველო…

რუსეთის გარდა, რომელიც მასპინძელი ქვეყანაა, ყველა ნაკრებმა მუნდიალზე თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ტურნირში მოიპოვა. ეს საკვალიფიკაციო ტურნირი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 31 საგზურისთვის ფიფას წევრი 211 ქვეყნის ნაკრები იბრძოდა, მათ შორის საქართველოც.

რომელი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანა ვერ მოხვდა ამ მუნდიალზე?

ჰოლანდიის ნაკრები, ამერიკის ნაკრები, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ჩილე, კამერუნის ნაკრები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი იტალია – ეს ის გუნდებია, რომელთა არყოფნაც განსაკუთრებით თვალში საცემია.

თუ ჰყავს მუნდიალს დებიუტანტი ქვეყანა?

ისლანდია ისტორიაში პირველად თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ ქვეყანაში სულ 335 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ისლანდია ყველაზე პატარა ქვეყანაა, ვინც მუნდიალზე მოხვდა.

როგორ ირკვევა მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა?

32 ქვეყანა უკვე განაწილებულია 8 ჯგუფში, თითოეულ ჯგუფში 4 გუნდია. ყოველი ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასულები აგრძელებენ პლეი ოფში თამაშს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პლეი ოფის მატჩი ფრედ დასრულდება?

თამაში 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ფრის შემთხვევაში დაინიშნება ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი. თუ ეს ორი ტაიმიც ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, ინიშნება პენალტების სერია. ბრაზილიამ 1994 წელს და იტალიამ 2006 წელს ამ მეთოდით მოიგეს მუნდიალი.

ვინ მოიგებს მუნდიალს?

ეს ძალიან რთული კითხვაა. გერმანია მოქმედი ჩემპიონია და ახლაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად. ასევე ფავორიტებში განიხილავენ საფრანგეთს, ესპანეთსა და არგენტინას.

გამარჯვებული თასს იღებს, რა ჰქვია მას?

ადრე ეს იყო “ვიქტორია”, რომელსაც მოგვიანებით ჟიულ რიმეს თასი ეწოდა. 1970 წელს ის ბრაზილიამ მესამედ დაისაკუთრა, თუმცა 13 წლის მერე თასი მოიპარეს.

ახლა რას მიიღებს გამარჯვებული?

მედლებს, გმირის სტატუს თავიანთ ქვეყნებში და დიდ ჰონორარებს. გამარჯვებული ნაკრები მიიღებს ფიფას მსოფლიოს თასს, რომელიც სიმაღლით 37 სანტიმეტრია და 6.1 კილოს იწონის. 18-კარატიანი ოქროთი გაწყობილი მალაქიტის ბაზაზე, თასზე გამოსახულია ორი პირი, რომელთაც პლანეტა უჭირავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თასია მსოფლიო სპორტში.

ასეთი პოპულარული ტურნირი ალბათ ძალიან მომგებიანია…

მოგების დიდი ნაწილი ფიფასია. წინა მუნდიალზე მარტო სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ფიფამ 2.48 მილიარდი დოლარი იშოვნა, ცალკე 2.34 მილიარდი დოლარი ლიცენზირებისა და მარკეტინგული უფლებების გაყიდვით. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები საერთო შემოსავალის დაახლოებით 10%-ია.

რა სიახლეა წლევანდელ მუნდიალზე?

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოიყენებენ ვიდეო-რეფერის (VAR) ტექნოლოგიურ სიახლეს, რომ მსაჯთა მნიშვნელოვანი შეცდომებისგან მუნდიალი დაცული იქნას. თუმცა ახალ ტექნოლოგიას ყველა სიხარულით არ ეგებება. არ არის გამორიცხული, რომ ამ მუნდიალზე VAR-ის გამოყენება, ერთ-ერთი ყველაზე ცხარე სადისკუსიო საკითხადაც იქცეს.

რა შემიძლია ვთქვა საზოგადოებაში, სადაც ჩემზე უკეთ იციან ფეხბურთი?

“უცნაურია, რომ არავინ ახსენებს ურუგვაის, რომელმაც სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციოზე არგენტინაზე უკეთ ითამაშა”.

რა არ უნდა ვთქვა საზოგადოებაში, სადაც ჩემზე უკეთ იციან ფეხბურთი?

“უცნაურია, რომ არავინ ახსენებს ინგლისს, როგორც ფავორიტს, არადა, მან შოტლანდიაზე უკეთ იასპარეზა საკვალიფიკაციოში”.

წყარო: popsport.com