”პაპუნაშვილის ეპიზოდი საკვანძო იყო” – ესპანური მედია ქართველის თამაშს გამოეხმაურა

506

ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშის უფლების მოპოვებისთვის გიორგი პაპუნაშვილის ”სარაგოსა” იბრძვის. ლა ლიგა 2-ის ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე ”ნუმანსისა” და ”სარაგოსას” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო, ”სარაგოსას” გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა დაფიქსირებული შედეგი ქართველის გუნდისთვის მისაღებია.

საპასუხო მატჩი 9 ივნისს ”სარაგოსას” საშინაო არენაზე, ”ლა რომარედაზე” შედგება. წყვილში გამარჯვებული ”ვალიადოლიდსა” და ”ხიხონს” შორის მოგებულს ფლეი-ოფის ფინალში შეხვდება. გუნდი, რომელიც ორივე დაპირისპირებაში წარმატებულად გამოვა, შემდეგ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს.

41-ე წუთზე არბიტრმა სიმულაციისთვის ქართველ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. 22 წლის პაპუნაშვილი ”ნუმანსიას” ცენტრალურ მცველ კარლოს გუტიერეს გონსალესთან ორთაბრძოლისას მოედანზე დაეცა. მთავარი მსაჯის მიღებული გადაწყვეტილება საკამათოა, რადგან განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა რომ მოთამაშეებს შორის კონტაქტი ნამდვილად იყო.

პაპუნაშვილის მაღალი შეფასება – საეჭვო ეპიზოდი: მსაჯის შეცდომა თუ სიმულაცია?

ესპანური გამოცემა Marca ქართველი ფეხბურთელის წაქცევის ეპიზოდს მატჩის საკვანძო მომენტად მიიჩნევს, რამაც ცხადია მატჩზე გავლენა მოახდინა. ”ქართველი ფეხბურთელი და ბორხა იგლესიასი ”ნუმანსიას” კოშმარებად იქცნენ.”

Marca-ს აზრით მთავარი მსაჯი აშკარად შეცდა, როცა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხოლო AS-ის ჟურნალისტის აზრით პაპუნაშვილი საკუთარი ინიციატივით დაეცა და მსაჯის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

მთავარ არბიტრ აიტორ გოროსტეგის უკანასკნელი ხუთი მატჩი რომ გავიხსენოთ, მან 22 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. საშუალოდ თითოეულ მატჩში 4,4 ყვითელი ბარათი ფიქსირდება, პლუს ერთი წითელი ბარათი.

sofascore-ს ვერსიით პაპუნაშვილი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას 7,3 ქულა დაუწერეს. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ”ნუმანსიას” მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ გილერმოს ჩამორჩა, რომელმა 7,6 ქულა მიიღო.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა ”სარაგოსას” მოთამაშე. ესპანურ ლიგაში სადებიუტო სეზონში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 1 გოლი სამეფო თასზე ”ლორკას” შეუგდო. პაპუნაშვილმა ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი ”ალბასეტეს” მე-40 ტურში შეუსრულა, დანარჩენ 4 მატჩში კი თითო-თითო გოლი შეაგდო. მას ასევე უთამაშია თბილისის ”დინამოსა” და ბრემენის ”ვერდერის” სარეზერვო გუნდში.