ტორპედოს შანსი – გამარტივებული გზა ევროპა ლიგამდე

655

12 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართება. ამ რაუნდში კონტინენტის ყველაზე სუსტი კლუბები თამაშობენ.

საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უეფას კოეფიციენტთა ცხრილში კატასტროფული სიჩქარით კარგავს პოზიციებს, ჯერჯერობით ქართული კლუბები წინასწარ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ თამაშობენ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლის წილისყრაც 19 ივნისს გაიმართება, ქუთაისის ტორპედო განუთესვია და მეტოქეს ელის

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (წილისყრა – 19 ივნისი) თბილისის დინამო განთესილია, ხოლო ჩიხურა და სამტრედია – განუთესავი.

ახლა სავარაუდო მეტოქეებზე ნაკლებად, მაგრამ ერთ სიახლეზე გვსურს დაწერა, რომელიც უეფამ ევროპალიგაზე განახორციელა.

უეფას სიახლე

ეს სიახლე კი ქვეყნის ჩემპიონის ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას აიოლებს, თუკი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხდება.

საქმე ისაა, რომ უეფამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამატა “ჩემპიონთა გზა” (რაც უკვე აპრობირებულია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე).

მაგალითით ავხსნათ – ქუთაისის ტორპედო პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავია. ვთქვათ, გუნდი გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, ის გადაინაცვლებს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა იქ საერთო მასაში არ გაერევა.

II საკვალიფიკაციო ეტაპი

ტორპედო მოხვდება ევროპალიგის “ჩემპიონთა გზაზე”, სადაც ითამაშებს ლიგის პირველი საკვალიფიკაციოდან გავარდნილი 16 კლუბი + 3 კლუბი ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან (წაგებულები).

მეტიც, რადგან რიცხვი კენტია, წილისყრამ უნდა გამოავლინოს ერთი იღბლიანი, რომელიც ამ ეტაპს საერთოდ გამოტოვებს და პირდაპირ ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება. დანარჩენი 18 კი 9 გამარჯვებულს გამოავლენს (რომლებიც ასევე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავლენ.

III საკვალიფიკაციო ეტაპი

ეს 10 კლუბი (9 გამარჯვებული და 1 იღბლიანი) ამ ეტაპზე ისევ “ჩემპიონთა გზით” მიდის. ათივე იქნება განთესილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული 10 გუნდი – განთესილი. ასე გაირკვევა 10 კლუბი, რომელიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ითამაშებს.

პლეი ოფი

“ჩემპიონთა გზაზე” 16 გუნდია – 10 წინა ეტაპის გამარჯვებული, რომელთაც ემატებიან ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპში დამარცხებული 6 კლუბი.

რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპალიგაზე გადმოდიან მხოლოდ იქაური “ჩემპიონთა გზის” კლუბები ანუ ქვეყნის ჩემპიონები.
მოკლედ, ევროპალიგის პლეი ოფის “ჩემპიონთა გზიდან” ჯგუფურ ეტაპზე გასული 8 კლუბი აუცილებლად რომელიმე ქვეყნის ჩემპიონი იქნება.

უეფას კოეფიციენტით ყველაზე ძლიერი კლუბი, რომელიც შესაძლოა, სავარაუდოდ, შეხვდეს საქართველოს ჩემპიონს (თუ ის ევროპალიგაზე გადავა) არის ზალცბურგი (55.500) თუ ავსტრიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდება.

აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ადვილი ქვეყნის ჩემპიონი გუნდისთვის ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

რაც მეტ ეტაპს გაივლის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ბადეში მით უკეთესი – თუ მეორე ეტაპზე დამარცხდება, მაშინ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ის განთესილთა შორის იქნება, თუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავარდება, მაშინ ევროპალიგის პლეი ოფში იქნება განთესილთა შორის.

რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, მაგრამ ჯერ ეს არცერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია. გაცილებით რეალური კი ევროპალიგაზე თამაშია, მით უფრო, ახალი ფორმატის პირობებში.

წყარო: popsport.com