ოფიციალურად: გელა აფრასიძემ “მონპელიესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0

ქართველმა მორაგბემ გელა აფრასიძემ ფრანგული ტოპ 14-ის ბინადარ „მონპელიესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

გელას „მონპელიესთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბთან თანამშრომლობა 3 წლით გაახანგრძლივა (1+2 სისტემით) და საფრანგეთში 2023 წლამდე დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „მონპელიესთან“ კონტრაქტი გავხანგრძლივე. აქ ბედნიერი ვარ და ამ კლუბში კარიერის გაგრძელება მინდოდა. ვიმედოვნებ საკმარისი დრო მომეცემა, რომ გუნდს ჩემი თვისებები შევმატო“, – თქვა აფრასიძემ.

შეგახსენებთ, 21 წლის ქართველი მორაგბე „მონპელიეს“ 2017 წელს შეუერთდა. გელა საქართველოს ნაკრების მუდმივ წევრადაც ჩამოყალიბდა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში უკვე 20 მატჩიც დაუგროვდა.